ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, შედეგია ნიკანორ მელიას ქმედების, რომელსაც უბრალოდ არ სურს, გირაოს თანხის გადახდა. რაც შეეხება პროცედურებს, ყველა არგუმენტი, რომელიც უკავშირდება მოთხოვნას და ჩვენს წინადადებას, დეტალურად იქნება წარმოდგენილი როგორც საკომიტეტო ფორმატში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
კითხვა იმის თაობაზე, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, ალბათ, უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე მსჯელებენ.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.