თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა აცილების შესახებ.
„სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსით და განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის პოზიცია არის ის რომ, ბრალდებები არის ყოვლად დაუსაბუთებელი, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იქნებოდა აცილების საფუძველი. არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა აცილებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებებს ახორციელებს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა“, – განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, მელიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.