„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ მელიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
„დღეს ნიკა მელიასთან მიმართებით კი არ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად საფრთხე შეუქმნეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან მიმართებაში არ ყოფილიყო ასეთი, თუმცა გამართლდა.
ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოში ძალიან მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიციები, წარგვედგინა ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი და საზოგადოებისთვის გაგვეხადა ნათელი, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, სასამართლო პირველივე წუთებიდან მოსული იყო იმ განწყობით, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. ამაზე მეტყველებდა სპეცრაზმის მობილიზება ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა“, – განაცხადა კონდახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.