ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იმართება.
ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა. შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი“ გიორგი ვაშაძე და „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.
„შესაბამისად, ამ ფონზე ჩვენთვის მნიშვენელოვანია, ფასილიტატორ ელჩებსა და დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები. რა მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი. ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეიძლება იყოს მათი როლი იმაში, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
ვხედავთ, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკა, თუ სურს ქვეყნის მომავალი ევროპაში, ნატო-ში იყოს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.