შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვა გამოცდებისთვისაც, რომელიც ზაფხულში უნდა გაიმართოს მარტის დასაწყისში გამოცხადდება.
სოფიო გორგოძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ცნობარი. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი კი აგვისტოში გახდება ცნობილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ ცნობარს, რომელიც სულ მალე განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე. ასევე ინსტრუქციები რეგისტრაციისთვის.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია სრულად ელექტრონულად ხდება. სხვა განსაკუთრებული ცვლილება აბიტურიენტებისთვის არ არის.
რაც შეეხება უფასო ფაკულტეტების სიას, ამას მთავრობა ამტკიცებს და როგორც წესი აგვისტოში ხდება ხოლმე ცნობილი. ამ ეტაპზე არ არის გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, თუმცა წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის ამ სიაში და მათ შეუძლიათ 2020 წლის ჩამონათვალით ისარგებლონ“, – განაცხადა გორგოძემ.