ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
„კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. უნდა შესულიყო. მე არ ვყოფილვარ, პირველი შემთხვევა იყო 30 წლის განმავლობაში, როცა არ ვყოფილვარ. მე შევიდოდი პარლამენტში, გავაპროტესტებდი და გამოვათრევდი გავრილოვს გარეთ. ამიტომ ყველა მეთოდი, რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრია – დაწყებული რევოლუციით, დამთავრებულო მოფერებით, ყველაფერს გავაკეთებთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, – განაცხადა დუმბაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა ცივილიზებული მეთოდი არ არის, დუმბაძემ უპასუხა – „ვინ თქვა რომ არ არის?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი შეჭრას, იმიტომ რომ არ მომწონდა სააკაშვილი“.
„პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. ნიკა მელიას მოწოდება სწორია. მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ. პირიქით, ნიკა მელიას ჩვენ მედალი უნდა დავკიდოთ“, – აცხადებს დუმბაძე.