ლანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ.
“ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო”, _ ამბობს მოსახლეობა.