ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადის ტარება 70%-დან 43%-მდე შემცირდა, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, მესამე ტალღის გავრცელების დიდი შანსი არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მან მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ იმუნიზაციის დაწყება ერთბაშად პანდემიის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვების შემსუბუქება რისკია. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. ყველა ქვეყანაში, იმუნიზაცია შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა 90% აცრა მოსახლეობის და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე.
ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნამ გაახანგრძლივა ლოკდაუნი, რადგან სიტუაცია შეიძლება, შემობრუნდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.