შეშფოთებულები ვართ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით, _ ამის შესახებ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს სურს, რომ დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას.
„ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ალიანსის წევრისთვის და ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ჩვენ ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას. ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას. ჩვენ ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ და ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ“, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.