საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.
ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით:
პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.
უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.
ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.