შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
“ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS” (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი).
წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა”,_ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.