გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ნინო თანდილაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ სოფელ ვაკიჯვარში “ნატანები 3″ჰესის ადმინისტრაციული წარმოება სამინისტრომ შეაჩერა.
წერილში, რომელიც მინისტრის მოადგილემ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნს“ მიწერა, წერია:
„თქვენ მიერ წარმოდგენილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ნატანები-3 ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტროში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, გაცნობებთ, რომ ექსპერტიზის პროცესში გამოიკვეთა საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას:
· სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის საგანგებო მოწყობილობით (მილი, ღიობი) გატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;
- · წარმოდგენილ იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს ,,თევზსავალები: პროექტირება, აზომვები და მონიტორინგი” (რომი, 2002) ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩატარებული ჰიდრავლიკური გაანგარიშებები (ხარჯი, სიჩქარე, ენერგიის მოცულობითი გაფანტვის სიდიდე) და თევზსავალის საპროექტო დოკუმენტაცია, თევზსავალის ეფექტურობის დადასტურების მიზნით;
- · ძალოვანი კვანძის უბანზე მაქსიმალური ხარჯების გავლისას დამყარებული დონეებისა და კალაპოტის გარეცხვის სავარაუდო სიღრმის, ასევე ტერიტორიის დაცვის საინჟინრო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
- · მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით, დაზუსტებას საჭიროებს მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე წყლის ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვების და ამ საკითხის მონიტორინგის გეგმაში ასახვის შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილების, ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების დასახვაგანხორციელების მიზნით;
- · დეტალური ინფორმაცია სათავე ნაგებობის მშენებლობის პერიოდში (მდინარის ზღუდარებით გადაკეტვა/გახსნა) იქტიოფაუნისათვის მიყენებული ზარალის პროგნოზისა და შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;
- · სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, მდ. ნატანების მარჯვენა ფერდობზე, საპროექტო სადერივაციო მილსადენის გასწვრივ, ფიქსირდება ორი, დღეისათვის სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი, ძველმეწყრული სხეული (კოორდ: 1. 264509-4642900; 2. 264797-4642470). დღეისათვის სტაბილური ძველმეწყრული სხეულის კონტურში ხვდება, ასევე სამშენებლო ბანაკისათვის შერჩეული ტერიტორია (ბანაკი №1). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული ძველმეწყრული სხეულების, შესაძლო გააქტიურებისა და მოსალოდნელი რისკების კონკრეტული სახის მართვის, შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია;
გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საკითხების/შენიშვნების შესახებ დამატებითი, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის 1 თვის ვადაში სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.“ – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის წერილში.