თუნდაც სატყუარა იყოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, შე დალოცვილო, ადექი, პარლამენტში შემოდი და ის, რაც ქვეყნისათვის კარგია, მხარი დაუჭირე! – გაუგებარია, რატომ უჯიუტდებიან ქვეყნის მომავალს და რატომ მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით ქვეყნის მომავალისთვის კარგ იდეას, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
მან აქვე აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, იმ პარტიებს, ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბიუჯეტიდან ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარი აქვს მიღებული, ხოლო პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ აღებული აქვს ნული ლარი.
„ვთქვათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები სატყუარაა, მაგრამ ვინც ამას ამბობს, გვითხრას, წარმოდგენილი ინიციატივები ქვეყნისთვის კარგია თუ ცუდი, მრავალპარტიულობას და დემოკრატიულობას შეუწყობს ხელს თუ არ შეუწყობს. პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ თუკი მრავალპარტიული პარლამენტი გვინდა, საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი და თუ ეს ქვეყნისთვის კარგია, სატყუარა როგორ არის?! ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც გვეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს პარტიული და ქვეყნის ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირს და ქვეყნის პერსპექტივას თავისი კერძო ინტერესიდან უყურებს. უნდა გააკეთო ის, რაც ქვეყნისთვის არის სწორი და ქვეყნისთვის სწორია დაბალი საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.