დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდანციების დაცვისკენ მოუწოდებს.
გამყრელიძის თქმით, სერიოზული შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ დღეს არსებული კლასტერები გაფართოვდება და შიდა საყოველთაო გავრცელებაში გადაიზრდება.
„რეკომენდაციები ერთია, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, დავიცვათ რეკომენდაციები, რომ აღდგომას შევხვდეთ მშვიდად. ეს ეპიდსიტუაცია რაც დღეს გვაქვს ყოველდღე ინფიცირების 400-600 შემთხვევა არ არის კარგი, მაგრამ მართვადია. თუ ის კლასტერები, რაც დღეს გვაქვს გამრავლდა და საყოველთაო შიდა გავრცელება დაიწყო, მაშინ სერიოზული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ ჯერჯერობით არ მსჯელობენ ისეთივე ამკრძალავი ღონისძიებების დაწესების შესახებ, როგორიც გასული წლის აღდგომის დღესასწაულზე იყო.
მისი თქმით, ის თუ რა შეზღუდვები დაწესდება ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალი შემთხვევების მატება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირდეს.
„როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ეს ერთი-ორი კვირა, მატება არ იყოს. ეს შემდგომ ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენ არსებული რეგულაციებით დღესასწაულებს ნორმალურად შევხვდეთ, არამედ იმასაც როგორი იქნება შემდეგ მაისის თვე, ზაფხული და როგორ გაიხსნება ქვეყანაში ტურისტული სეზონი. ამაზეა დამოკიდებული, როგორ გავივლით ახლა ამ პერიოდს, თორემ შემდეგ ვიღა ჩამოვა ქვეყანაში, სადაც ათასობით ავადმყოფი იქნება“, – დასძინა იმნაძემ.