ახლახან ჩვენ ვწერდით ეგრეთ წოდებულ “ცისფერ წამლობაზე”, რომელიც მანამ უნდა მოხდეს, სანამ კვირტი სრულიად გაუშლელია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შიშველი ტოტები უნდა შეიწამლოს.
ჩვენი დაინტერესებული მკითხველები, მეურნეები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვირეკავენ და გვთხოვენ, თხილის შეწამვლის ვადებსა და წესებზე დაკონკრეტებით ვესაუბროთ.
ვასრულებთ მათ თხოვნას და პირველ რიგში ვურჩევთ თითოეულ მათგანს, თებრვალ-მარტში, როცა ხდება თხილის შეწამვლა ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით დააკვირდნენ კვირტის მდგომარეობას _ ეს არის უმთავრესი წინაპირობა შეწამვლის დაწყებამდე.
შესხურების დაწყებამდე თუ კვირტები დაბერილია, მხოლოდ სპილენძის შემცველი პრეპარატებით უნდა შეიწამლოს (კუპროქსატი, ნორდოქსი, სპილენძის ქლორჟანგი…).
მარტის ბოლომდე უნდა მოვახდინოთ ბაქტერიული და თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ შესხურება.
ბუნებრივია, სანამ შეწამვლას დავიწყებთ, მცენარეს უნდა მოვაშოროთ დაზიანებული ადგილები. სასურველია და აუცილებელიც, პლანტაცია ყოველმხრივ იყოს გასუფთავებული, თითოეული ძირი კი გამოჭრილი და მოწესრიგებული. ერთი სიტყვით, ყველა დაზიანებული შტამბი მოშორებული უნდა ჰქონდეს და გავიტანოთ ნაკვეთიდან.
პლანტაცია უნდა შევწამლოთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით, რომელთა შესახებ ყველა შესაბამის მაღაზიაში გეტყვიან. ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს: კუპერვალი, ბორდო ლუქსი, ბორდოფლო, აირონი, კუპროქსატი და მრავალი სხვა.
ძირითადად ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, მცენარე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან გავათავისუფლოთ.
რაც შეეხება მავნებლების (მათ შორის ფაროსანას, რომლის რაოდენობაც მინიმუმზეა დასული) საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომელთა გატარება ასევე აუცილებელია, აზრი აქვს მხოლოდ სტაბილური ტემპერატურის პირობებში. ეს დრო კი აპრილის შუა რიცხვების შემდეგ იწყება.
თუ როგორ უნდა მოხდეს აპრილის შუა რიცხვებიდან კომბინირებული ნაზავის შესხურება, ამჯერად მავნებლების წინააღმდეგ, მომდევნო ნომერში გესაუბრებით.