ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე შეხვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ექსპერტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს თეიმურაზ შამუგიას.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა: საქართველოს საჯარო ადმინისტრირებაში სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა, რომლის მნიშვნელობაც განპირობებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებითა და მისი დანერგვის შედეგად მიღებული პოტენციური სარგებლით.
რეფორმის გახორციელება ხელს უწყობს შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. ზემოაღნიშნული ვალდებულების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებს მასშტაბურ პროექტს მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებას. მთლიანობაში პროექტი მოიცავს კომუნიკაციას დაწესებულების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, საშუალო რგოლის მენეჯმენტსა და შიდა აუდიტორებთან.