მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. თუ ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციას, ამით მესამე ტალღას გადავრჩებით, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება. მათ შორის კლინიკურ სექტორის გადაძაბვა, ახალი შეზღუდვები, რასაც ქვეყანა და ეკონომიკა მძიმედ გადაიტანს. ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 287 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 711, გარდაიცვალა 3869 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.