მე არ გამოვრიცხავ, რომ შეუძლებელი იყოს ბანკისგან უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება, რადგან ეს არის არაუზრუნველყოფილი, უფრო მაღალი რისკის მქონე კრედიტები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბანკის პოზიცია მოვისმინოთ, რისგან შედგება ეს განაკვეთი და რატომაა ის, რაც დღეს არის.
„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ 30 -პროცენტიანი და უფრო მაღალი განაკვეთი, მაღალია, თუმცა, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პენსიონერთა ნაწილზე, თუ ვნახავთ 5000 ლარამდე სესხებს დიდად არ განსხვავდება სხვა პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთისგან.
რა შეიძლება გაკეთდეს, სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ მოვუსმინოთ ბანკის წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, იქნება ასევე წარმოდგენილი ჩვენი პოზიციაც, ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, უმჯობესია იყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი არა მხოლოდ პენსიონერებისთვის, არამედ ზოგადად, ეკონომიკაში თუ საპროცენტო განაკვეთი დაბალი იქნება, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სესხი, არის უფრო მაღალრისკიანი, არ არის უზრუნველყოფილი ეს სესხები და შესაბამისად, ბანკის პოზიცია უნდა მოვისმინოთ რისგან შედგება ეს განაკვეთი და რატომაა ის, რაც დღეს არის“, _ განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტი პარტია „მოქალაქეების” ინიციატივას განიხილავს, რომელიც პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გულისხმობს.