პროკურატურამ ქალი ფეხბურთელების მწვრთნელს, ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
“PHR იცავს კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის ქალი ფეხბურთელების უფლებებს, მათ მიმართ, კაცი მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის სავარაუდო დანაშაულზე. სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგოებს ასევე PHR იცავს.
2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.
სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.
სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ.
PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ, დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმატიზება, _ ნათქვამია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებაში.