,,მინდა მოვუწოდო ნიკა მელიას, რომ განიხილოს ევროპელი პოლიტიკური კოლეგების მხრიდან შეთავაზებული გარანტიების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტის არჩეული დეპუტატები შეუერთდნენ შეთანხმებას“, _ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
ლიეტუვას საგარეო მინისტრის განცხადებით, როცა ყველა პარტია ხელს მოაწერს შეთანხმებას, მისი იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესს ბევრად უფრო გაამარტივებს და ამასთანავე ცხადყოფს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზადყოფნას აცხადებს, გაჰყვეს ევროატლანტიკურ კურსს.
„ლიეტუვა მხარს დაუჭერს ევროკავშირისა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. ლიეტუვას სჯერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და მზად არის დაეხმაროს საქართველოს მიზნის მიღწევაში. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმებს, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური საელჩო საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვარ ხელმისაწვდომი და მზად ვარ დავბრუნდე საქართველოში, თუ ამის საჭიროებას ვინმე დაინახავს.
ერთი რაღაც მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო _ შეთანხმება იყო შეთავაზებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ მას ხელი მოეწერა და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს ქართული მხარის მიერ. ეს მხოლოდ ქართველებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ სურთ გზის გაგრძელება. ჩემი ვიზიტის ძირითადი ფუნქცია არის უპირველეს ყოვლისა, მოსმენა და იმის გაგება თუ რა არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია. ჩვენი გამოცდილებიდან ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ კარი, გავხსნათ კარი, გავუძღვეთ კარისკენ, მაგრამ საქართველოა ის მხარე, რომელმაც უნდა გაიაროს ეს კარი. ასე რომ, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას ჩვენ განვიხილეთ ნდობის აღდგენის სხვადასხვა შესაძლებლობა და იმ ჭრილობების მოშუშების შესაძლებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიყენებული, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ან არ იქნება მიღებული ეს მთლიანად ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.
ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს იმ შემოთავაზებებს და იმ გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.