პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნი დიდი შანსი აღმოჩნდა ადგილზე მიტანის სერვისებისთვის – ეს კომპანიები საქართველოში შედარებით ახალი შემოსული იყო და არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც ახლა. კურიერები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მნიშვნელოვნად უმსუბუქებენ მოსახლეობას ჩაკეტილობით გამოწვეულ სტრესს და დისკომფორტს, განსაკუთრებით კომენდანტის საათის განმავლობაში.
მაგრამ ქალაქში მოპედებითა და სკუტერებით მოსიარულე კურიერების რაოდენობის გამრავლებამ მათთან დაკავშირებული საფრთხეებიც გაამრავლა – საქმე ისაა, რომ ქუჩაში მათ მოძრაობას ქართული კანონმდებლობა სათანადოდ ვერ არეგულირებს: მათზე არ ვრცელდება ავტომობილებზე გათვლილი რეგულაციები და წესები, არც ჯარიმები. მოპედის მძღოლთა ასეთი შეუზღუდავი გადაადგილება ქალაქში საფრთხეს უქმნის, პირველ რიგში, თვითონ მათ და ასევე გარშემომყოფებს.
უკვე ორი წელია პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, სადაც წერია, რომ მოპედების რეგისტრაცია და მის სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო გახდება. ამ კანონის მიღებას საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებიც ავალდებულებს და წესით შარშან პირველი იანვრისთვის მიღებულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, კანონში ცვლილებები დღემდე არ არის შეტანილი და გზებზე მოპედების ქაოტური მოძრაობა გრძელდება.
ახალი მოწვევის პარლამენტმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების მიღების უფლება თებერვალში გადმოიბარა და ერთი მოსმენაღა დარჩა რომ მოპედები სანომრე ნიშნებით, მძღოლები კი მართვის მოწმობებით აღიჭურვონ. კანონის მიღების შემთხვევაში მოპედის მძღოლები უფრო მძაფრი პროტესტისთვის ემზადებიან.
წყარო: მთავარიტვ