„სამწუხაროდ, იმდენი რამ გაშუქდა არასწორად, რომ იძულებული ვარ ვისაუბრო ამაზე“, _ ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის დედა სოსანაზეც ისაუბრა.
როგორც მეუფე სტეფანე თქვა, წირვის შემდეგ იყო კრება დედაოებთან.
„დედა სოსანამ თვითონვე მითხრა, რომ არ მოიხსენიებდა პატრიარქს. პატრიარქის არ მოხსენიება კანონიკურად ნიშნავს ამბოხს, განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში და უნდა გავცეთ ამას პასუხი. ეს პასუხი კი არის გაფრთხილება.
დედა სოსანასთან დიდხანს ვლაპარაკობდი, მინდოდა გამეგებინებინა კანონიკურად რა შეცდომებში შეიყვანეს ის. საბოლოო ჯამში, როგორც მოხდა, ისე მოხდა… მერე ავუხსენი, რომ არ აქვს მონაზონს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს, აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და დადგა სპექტაკლი. სამჯერ მოვიდა. პირველად რომ მოვიდა და არ შევუშვი, ჩვეულებრივ შეეძლო წასულიყო და დაეძინა, მაგრამ მან შემდეგი განვითარება მოიფიქრა“.
მეუფე სტეფანეს თქმით, მან დედა სოსანას შესთავაზა მონასტერში ძალიან კარგი და დამამშვიდებელი ადგილი, რათა გაშორებოდა ამ არეულობას და მეტი სარგებელი მიეღო მის სულს. როგორც მეუფემ აღნიშნა, დედა სოსანას მან შეუთვალა, რომ კამერების გარეშე ესაუბრათ, მაგრამ მისივე თქმით, დედაომ თავად გააკეთა არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის წინამძღოლი დედა სოსანა მონასტრის წინამძღოლობიდან გაათავისუფლა და იგი სხვა მონაზვნით ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც დედათა კრებაზე დედა სოსანამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელი იყო საქართველოს პატრიარქი ლოცვებში მოეხსენებინა.