ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ივნისში დაგეგმილ მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, _ ამის შესახებ ინფორმაციას tasnimnews ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ირანის ექსპრეზიდენტი მომხრეებთან ერთად უკვე შსს-ს რეგისტრაციის ცენტრს ეწვია, სადაც სარეგისტრაციო ფორმები შეავსო და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები შეიტანა.
tasnimnews წერს, რომ 2016 წელს ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ აჰმადინეჟადს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა აუკრძალა, თუმცა ის მაინც დარეგისტრირდა კანდიდატად, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა საარჩევნო ადმინისტრაციამ გააუქმა. ამჯერად ხამენეი აცხადებს, რომ არ იქნება რომელიმე კანდიდატურის დარეგისტრირების წინააღმდეგი, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას კვლავ შეუძლია, აჰმადინეჟადის კანდიდატურა დაბლოკოს.
ცნობისთვის, მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის თანამდებობას 2005-2013 წლებში იკავებდა. მოქმედ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადა ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წელს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.