საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.
როგორც სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 600 ბავშვზე გათვლილ სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები.
“სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
როგორც “გურია ნიუსთან” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმადაიშვილმა აღნიშნა, მშენებლობა 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს და ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ახალ აშენებულ შენობაში უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში უკვე დასრულდა შრომის, გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების მშენებლობა, ჩხაკაურას სკოლაში კი სამუშაოები გრძელდება
სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.