თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.