თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ცენტრალურ ქალაქებში სირენების ხმა ისმის – ღაზას სექტორიდან, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით, თელ-ავივს, აშკელონის, აშდოდისა და ბერშევას მიმართულებით სარაკეტო შეტევები დაიწყო. ინფორმაციას THE Times OF ISRAE ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა ისროლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებული პირის შესახებ.
როგორც THE Times OF ISRAE წერს, ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, ორშაბათის შემდეგ ღაზადან მათი მიმართულებით ჯამში 1 369 რაკეტა გაუშვეს. საერთო ჯამში, 1 031 ისრაელში დაეშვა, მათ შორის 264 დასახლებულ მხარეში.
ისრაელმა ღაზას საზღვარზე დამატებითი ძალები გაგზავნა.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია, 480-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელში დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
ცნობისთვის, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა
კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.
ცნობისთვის, იერუსალიმში ვითარება ბოლო კვირების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების შესაძლო გამოსახლება და იქ ებრაელ ახალმოსახლეთა დამკვიდრება. ისრაელის ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს, როგორც კერძო დავას მხარეებს შორის, პალესტინელები კი ეთნიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აღნიშნულის წინააღმდეგ.
იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირებია დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორისაა ალ-აკსას მეჩეთი.
მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმის მიმართულებით.