ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი.
„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს მართვის სადავეები. მესმის მათი მღელვარების, დარდის… უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში“, _ განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილება პარტიაში ბევრ ადამიანს აქვს მიღებული, მაგრამ საბოლოო განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც რეგიონის მოსახლეობას შეხვდება.