ჩინური, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინის, „სინოვაკის“ სარეგისტრაციო პორტალი უკვე ამოქმედდა, იმუნიზაციის პროცესი კი ორშაბათიდან დაიწყება.
„სინოვაკი“, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი. ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფაიზერის“ ვაქცინისას უტოლდება. მას მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომლებიც 2-3 დღე გრძელდება.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.