26 მაისის ღონისძიებაში ჩართულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები. ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ-ის წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გენშტაბის ხელმძღვანელმა, ჯონი ტატუნაშვილმა განუცხადა.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა, რომელიც დამზადებულია „დელტაში“. ასევე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას სამი თანამედროვე სუ-25, რომლებიც შეასრულებენ გადაფრენას. ღონისძიებაზე სამხედრო ფიცს დადებს 240 რეკრუტი, რომლებიც თავდაცვის ძალების სრულფასოვანი წევრები გახდებიან“, – აღნიშნა ტატუნაშვილმა.
ამასთან სამხედრო ფიცს რეკრუტები საქართველოს რამდენიმე რეგიონში დადებენ. „ლოკაციები შევარჩიეთ ისტორიის, სილამაზის, არსის, სულისა და რა თქმა უნდა, საბრძოლო დიდებასთან კავშირში. სამხედრო ფიცის დადება პირველად მოხდება სვანეთში. სვანეთი მართლაც რომ აუღებელი კოშკებისა და სიმაღლეების სიმბოლოა. ფიცი დაიდება აჭარაში, ასევე ფოკაში, ფარავნის ტბასთან. ასევე სამხედრო ფიცი დაიდება საოცარ ქალაქ მცხეთაში“, – განაცხადა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
2021 წელსაც პანდემიის გამო 26 მაისი (დამოუკიდებლობის დღე) მოკრძალებულად აღინიშნება და საერთო-სახალხო დღესასწაული არ გაიმართება. ღონისძიება ოპერის თეატრში გალა-კონცერტით დასრულდება.
წყარო: იმედინიუსი