„გურია ნიუსის“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ტყეშელაშვილების ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობაზე ვწერდით, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს წარმომადგენლები. მათ ეთერ და დათო ტყეშელაშვილებს სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტები მიუტანეს.
_ახლა მოვედით, რათა ქალბატონ ეთერს საკვები პროდუქტები გადავცეთ. დეპუტატი, ბატონი ვასო ჩიგოგიძე საქმის კურსშია და უახლოეს დღეებში იზრუნებს ტყეშელაშვილების ოჯახისთვის სათანადო დახმარების გასაწევად. აქ ნამდვილად გაუსაძლისი მდგომარეობაა და ყოველგვარ ნაამბობს და ნანახს აღემატება, _ თქვა დეპუტატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქეთი ვასაძემ.
თბილისიდან ასევე შეგვეხმიანა დეპუტატის საპარლამენტო ოფისის წარმომადგენელი, ნინო ლომჯარია:
_დეპუტატი საქმის კურსშია. მაშინვე გაეცნო ტყეშელაშვილების მდგომარეობას. უახლოეს დღეებში მათი დახმარებისთვის ვიზრუნებთ. პირადად მე, ვეცდები, ჩემის მხრიდან გავუწიო დახმარება, როგორც ადამიანმა ადამიანს, შესაძლებლობის ფარგლებში, _ გვითხრა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ტყეშელაშვილი, თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე არის ბიუროკრატიული ქმედებების მსხვერპლი. მას მხოლოდ ერთხელ ეძლეოდა სოციალური დახმარება. ისიც შეუწყვიტეს. „გურია ნიუსი“ ამის შესახებ წერდა, კონკრეტულ პირებსაც ვესაუბრეთ სოციალურ სამსახურში, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.