რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არავითარი კორუფცია არ იყო. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა – საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე? ან მაშინ ტყუოდა, როდესაც ამბობდა, რომ კორუფცია არ არსებობს, ან ახლა ტყუის, როდესაც ამას სისტემურ პრობლემას უწოდებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თქვენ ხედავთ, ვინ აპიარებს ძირითადად გიორგი გახარიას – „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქ არის ყველაფერი ნათელი. ძალიან მარტივად იკითხება, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რომლებიც უკავშირდება 17-18 თებერვლის მოვლენებს – რატომ ითამაშა გახარიამ სააკაშვილის თამაში? 17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა, გიორგი გახარიას გაპიარება „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მხრიდან – ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და გიორგი გახარიას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. გახარიამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რატომ არწმუნებდა ყველაზე აქტიურად საპარლამენტო უმრავლესობას, რომ აუცილებლად უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. იმ 6-მა დეპუტატმა, რომელიც დღეს სხვა რაღაცებს ამბობს, მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, იმიტომ რომ არსებობს პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს გახარიამ უპასუხოს. ამ თემამ ჩვენთვის დაკარგა აქტუალობა, განსაკუთრებით იმ უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კვლავ აქტუალურია. გიგი უგულავასა და პეტრე ცისკარიშვილს წამოსცდათ, თუ რა არის გიორგი გახარიას ამოცანა – რამენაირად დაგვაახლოვონ ჩვენ 43%-იან ნიშნულს. ამას ვერ მიაღწევენ – ამისთვის საჭირო რესურსი არ აქვს არც გახარიას, არც „ნაცმოძრაობას“, არც ყველას ერთად აღებულს. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი და არჩევნებზე ჩვენს მიზანს მივაღწევთ ზუსტად ისევე, როგორც მივაღწიეთ წინა 7 არჩევნებში. რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არავითარი კორუფცია არ იყო. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა – საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე? ან მაშინ ტყუოდა, როდესაც ამბობდა, რომ კორუფცია არ არსებობს, ან ახლა ტყუის, როდესაც ამას სისტემურ პრობლემას უწოდებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.