“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია. ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას აქვეყნებს:
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა.
„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შარ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.
ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ და არ შევალ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.