რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის, დიმიტრი ბირიჩევსკის განცხადებით, მინსკში, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო, თუ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს, რუსეთი ბელარუსს დაიცავს და მას დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს პარტნიორს, დავეხმარებით ბელარუსს. ის, რასაც დასავლეთში ბელარუსის წინააღმდეგ იგონებენ, აბსოლუტურად ნეგატიურ ემოციებს იწვევს, რადგან, პირველ რიგში, მომხდარის გამოძიება უნდა ჩატარდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა იფიქრონ რეაქციაზე“, _ აცხადებს დიმიტრი ბირიჩევსკი.
ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
აღნიშნული ინციდენტთან დაკავშირებით, აშშ-მა და ბევრ ევროპულმა ქვეყანამ დააწესა ბელორუსის ავიაციის ფრენის აკრძალვები Ryanair- ის ფრენის იძულებითი დაშვების გამო
ასევე 25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
3 ივნისიდან სანქციები იმოქმედებს 9 ბელარუსული სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ, ევროკავშირთან ერთად კი ვაშინგტონი ალექსანდრ ლუკაშენკოს ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.