კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებებმა კიდევ ერთი ლანჩხუთელის სიცოცხლე შეიწირა. დაახლოებით ერთი თვე ებრძოდა ვირუსს ლანჩხუთელთათვის კარგად ნაცნობი, მუდამ ღიმილიანი ქალბატონი თამარ წერეთელი, თუმცა სამწუხაროდ, სიცოცხლის წყურვილმა ვერ გაიმარჯვა…
„ჩემი პაწაწინა დედა აღარ მყავს“, -დაწერა სოციალურ ქსელში შვილმა, თამთა ჩხაიძემ.
ლანჩხუთელთათვის მართლაც გამორჩეულ და ღიმილიან ქალბატონს, რომელსაც ყველა, ვინც კი ახლოს იცნობდა, თავისიანად თვლიდა, მეგობრები, მეზობლები თუ ნაცნობები გულისტკივილით ემშვიდობებიან.
,,როგორ მენანები, როგორ…რა უიმედო აღმოჩნდა ამ დღეების ყოველი ძალისხმევა… თამრიკო!!! ჩემი ნამცეცას დაო და სულის მეგობარო, სიყვარულით ნალოლიავები, ერთად გატარებული ჩვენი ბავშვობის სიზმარო და გულის ნაწილო !!! მართლა რა უძლურია ახლა სიტყვა…….
მეგობარო !!! სამუდამოდ მიდიხარ, მიფრინავ სულეთის ლაჟვარდებისკენ… მ ი ფ რ ი ნ ა ვ..“- წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი რუსუდან ებრალიძე.
„რამდენი უნდა ავიტანოთ ამ პატარა ქალაქში, გასკდა გული რა… მერამდენე ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ამ საშინელმა ჭირმა. თამრო, როგორი იმედი მქონდა რომ გაუძლებდი, რაღაცნაირად, სულ ჩემიანად გთვლიდი, ტკბილმოუბარი, თავმდაბალი, შესანიშნავი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი და გადაყოლილი დედა…როგორ ვანუგეშოთ შენი თამთა, დედობის გემოც რომ ნორმალურად ვერ შეირგო… რატომ თამრო, რააატომ?
მე მას ყვავილების დედოფალი შევარქვი, ვისაც მისი ეზო უნახავს მიხვდება რატომაც“- დაწერა ფეისბუქში ლანჩხუთელმა ირმა მგელაძემ.
ლილი შეყრილაძე: „კიდევ ერთი საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ. რა ულმობელია ეს წუთისოფელი. როგორი თბილი, უპრეტენზიო და საოცარი ადამიანი იყო ჩვენი თამარი“.
ირინა მახარაძე, მეზობელი და ბავშვობის მეგობარი :-„კიდევ ერთი კარგი ქალბატონი წაართვა კორონავირუსმა ლანჩხუთს რაიონს, ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ადამიანი, კარგი დედა და მეუღლე, უანგარო და დაუზარებელი მეზობელი, უტყუარი მეგობარი… აი, ასეთი იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თამარ წერეთელი. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ დიდ მწუხარებას და ტკივილს, რასაც განვიცდი. როგორ მჯეროდა, რომ შენ ვერ გაჯობებდა კორონა, მეგონა, დაამარცხებდი და დაბრუნდებოდი შენს ოჯახში, სადაც დიდი სიხარული გელოდა… შენ ხომ ახლა ბებია გახდი. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას“.
თინიკო ჩხაიძე: „ჩვენი თამრიკო, ყველასათვის თავდადებული, ერთგული, საიმედო, დასაყრდენი. ყველას.დიდი იმედი ჰქონდა რომ ამ ვირუსს მოერეოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი დიდებულ ადამიანს“.