მესმის, რომ რუჯი მოდაშია, გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები, მაგრამ შეიძლება გაცილებით უფრო ცივილურად მივიღოთ რუჯი, გამოვიყენოთ რეკომენდაციები, თუნდაც მზისგან დამცავი კრემები, რადგან მზისგან დამცავი კრემის გარეშე გასვლა ფაქტობრივად იგივეა, რაც საცურაო კოსტიუმის გარეშე გასვლა, – ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით დამწვარი პაციენტები ჯერჯერობით არ მიუღიათ და ცენტრის ყველა თანამშრომელს იმედი აქვს, რომ მსგავსი შემთხვევა წელს არ დაფიქსირდება. მისივე თქმით, წელს ამ პრაქტიკის იუბილეა.
„წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად. ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი იგივე. მცდელობის დასაწყისშივე ეს ყველაფერი მთავრდება დამწვრობის ცენტრის მონახულებით. ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე. ლეღვის ფოთლები რუჯთან არც პირდაპირ, არც ირიბად დაკავშირებული არ არის. ჩვენი ყველანაირი მცდელობა წყალში იქნება ჩაყრილი“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
მან ასევე მოსახლეობას მოუწოდა მზისგან დამწვრობის შემთხვევაში არ გამოიყენონ სახლში დამზადებული პრეპარატები.
წყარო: იმედინიუსი