ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე შეურთდა, _ ამის შესახებ პარლამენტში დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან განაცხადა.
როგორც ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე სამნიძემ აცხადებს, ფრაქციაში გაერთიანებულია როგორც პარტიები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები.
„ფრაქციაში გაერთიანებულია როგორც პარტიები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.
ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.