დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ივლისიდან კორონავირუსის მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ივლისიდან ქვეყანაში დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
„ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე.
მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.
ამისთვის შესაბამისი მარაგები დიდი ალბათობით გარანტირებულია. ამიტომაც ვემზდებით ივნისის განმავლობაში, რომ ეს ძალიან რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც გამყრელიძე აცხადებს, „ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას“.