გუშინ, საღამოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მეხუთე სართულიდან უკრაინელი გოგონა გადმოხტა.
„გურია ნიუსის“ სანდო წყაროს ცნობით, გოგონა უკრაინიდან სამი თვის წინ ჩამოვიდა. აღნიშნული ბინა იქირავა ერთი წლით და თავისი ჩამოსვლის მიზანიც ღიად თქვა _ უნდა დაეწყო ტანვარჯიშში ბავშვების მომზადება, წვრთნა.
_ რა მოხდა, არ ვიცი. გავიგე, რომ ბულვარიდან ბიჭებმა დაინახეს გადმოხტომისას. ხიმშიაშვილის ქუჩა ზღვასთან ახლოსაა. გაიქცნენ, შეეშველნენ და მოხდა ისე, რომ ნაწილობრივ შეშველებამ, როგორც მოახერხეს, გოგონა სიკვდილისგან იხსნა _ თავი არ აქვს დარტყმული. ახლა საავადმყოფოშია და ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, სიცოცხლისთვის საშიში არ არის. გაოგნებული ვარ. გოგონა ჩამოყალიბებული, გონიერი ახალგაზრდაა. ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. ტანვარჯიშს ასწავლიდა. ეს შემზარავი ამბავი როგორც გავიგე, ადგილზე მივედი. როგორც გავიგე, ძალადობის კვალი და ნიშნები არ არის. როგორც დანამდვილებით გავიგე, მაგიდაზე ერთი ცალი რედბული იდგა, გახსნილ მდგომარეობაში. ყველა მეკითხება და აინტერესებთ, რატომ გადმოხტა? აბა, რა ვიცი? ადამიანები ვართ…. იქნებ, რაიმე სანერვიულო შეხვდა. მეუბნებოდა, რომ მალე მშობლებსაც ჩამოიყვანდა საქართველოში. ძალიან პოზიტიური ადამიანია. მიხარია, რომ გადარჩა და იმედი მაქვს, ჩვენი ექიმები, ყველა ღონეს იხმარენ, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, _ გვეუბნება ჩვენი სანდო წყარო, რომელიც გოგონას იცნობდა და ჰქონდა მასთან კომუნიკაცია.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციას უფრო დეტალურად, მალე შემოგთავაზებთ.