ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის, საქართველო ერთ მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.
„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობასა და გაუთქმელობას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. მესმის, რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს. იმ მწარმოებლებისგან, რომლებთანაც კონფიდენციალურობის დაცვა სავალდებულო არ არის, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, უკვე კვირის ბოლოს, საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, მომავალი კვირიდან, შეგვიძლია, ამ ვაქცინებით, დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია. თარიღს ვერ ვასახელებთ, თუმცა, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივ ვაქცინაციაში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 363 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 350 466, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.