დღეს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ოფიციალურად გაიხსნა „სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ ჩოხატაურის ოფისი, _ რომელიც პროექტის _ „უნარების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, იფუნქციონირებს.
პროექტის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით; ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.
როგორც ცენტრის გახსნაზე ითქვა, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც 16 წელს გადააბიჯა, ვისაც სურს, განივითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს.
„სამი წლის განმავლობაში ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებს და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს“, _ აღნიშნეს ცენტრის წარმომადგენლებმა.
ჩოხატაურში „სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ცენტრის წარმომადგენლები, გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს, მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტი 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. იგი 36 თვეს მოიცავს და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.