თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ განვითარებული ძალადობრივი ქმედებების გამო გადაიდო.
საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შეფასება „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთელ ლიდერსა და საკრებულოს წევრს, მიხეილ გოგოტიშვილს ვთხოვეთ. მოგეხსენებათ, რომ „ევროპული საქართველო“ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ღირსების მარშზე“ შეერთებას აპირებდა.
გოგოტიშვილი ამბობს, რომ დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია გმობს, პასუსხისმგებლობას კი ხელისუფლებას აკისრებს.
„ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ჩემი რელიგია კრძალავს ყველანაირ ძალადობას. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის და თავისუფლად ცხოვრების უფლება.
„ევროპული საქართველო“ გმობს ამ ძალადობას. ჩვენი პარტიის წევრები აპირებდნენ გასვლას და იმყოფებოდნენ კიდეც. ჩვენ ვიცავთ ადაიანის თავისუფლებას, ვთვლით, რომ საქართველოში ყველა ადამიანს კონსტიტუციის შესაბამისად აქვს ცხოვრების და გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელ ძალადობას ვემიჯნებით და პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო წაქეზება იმისაკენ, რომ მომხდარიყო კარვების დაშლა რუსთაველის პროსპექტზე და დაერბიათ ის ადამიანები, რომელთაც უნდოდათ გამოეხატათ თავისის აზრი“,_ გვითხრა გოგოტიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრა განაცხადა, რომ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რის შედეგადაც ლგბტქ-მ რამდენიმე დღის წინ ღონისძიება აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარა, მაგრამ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველი იყო და „ღირსების მარშის“ წარმომადგენლებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა. რაზეც მათ უარი თქვეს და საბოლოოდ, ღონისძიება გადადეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ერთ-ერთი, ვისაც საქმიანობაში ხელი შეუშალეს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტია.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი