დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია უარის თქმა დიდ თავშეყრებზე და ხალხმრავალ ადგილას პირბადის ტარება აუცილებელია.
მისივე თქმით, ახალი შტამების ფონზე, არსებობს სერიოზული ეპიდემიოლოგიური რისკები.
„გასულ კვირაში, დამატებით, „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში, ინდური შტამის ცირკულაცია ანაცვლებს ბრიტანულისას. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან – დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ. მაგალითად მე, მას გარეთაც ვატარებ. ესაა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა – პირბადის ტარებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.