დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, დადგენილების მიღების თაობაზე.
საკითხი წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ.
დარბაზში მყოფ დეპუტატებს შორის რეპლიკებიც გაჟღერდა, „რამდენჯერ უნდა მივიღოთ ეს ოზურგეთის დროშა და გერბი?“.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი გორდელაძემ განაცხადა, რომ არაფერი არ იყო აქამდე დამტკიცებული.
_პირველად ვიღებთ, მეგობრებო. ადრე ჩვენ ჰერალდიკის საბჭომ შემოგვთავაზა, რომ ჩატარებულიყო კონკურსი. შეიქმნა საბჭოც. გამოყოფილი იყო სამიათას ლარიანი ჯილდო. ჩატარდა კონკურსი. როცა ეს ყველაფერი დასრულდა, მერე იყო ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი გაიყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას. შემდეგ ისევ გაერთიანდა და ახლა უნდა დავამტკიცოთ ის დროშა და გერბი, რაც იყო გაერთიანებამდე. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო წერილი, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ აქვს და მისი დამტკიცება წარმოდგენილი სახით მისაღებია. ამიტომ , კანონმდებლობის შესაბამისად, დღეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ უნდა მივიღოთ ნორმატიული აქტი, _თქვა მან.
საკრებულოს წევრებმა ერთხმად უყარეს კენჭი და განკარგულება დაამტკიცეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაკვეთილია ორად და იყოფა სამ ნაწილად. პირველ ნაწილზე, მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარია გამოსახული. მეორე ნაწილზე, ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარშემოხვეულია ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები. მესამე ნაწილზე არის შავი ველი, რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი, ნახევრად ღია კარიბჭით.
რაც შეეხება დროშას, გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე