,,ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს, არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან, რაზეც საუბარი იყო, არ აქვს, ის რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, სიცრუეა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანი დაესხა თავს უცხოელ ტურისტს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა ბრალდებულსა და ტურისტს შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
„ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ – აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად – ეს მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს.
არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან, რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, არ აქვს და ეს სიცრუეა.
არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ, მიეჭრა ეს კონკრეტული პირი. ფაქტი მოხდა სულ სხვა ლოკაციაზე, სულ სხვა ადგილას.
ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება. იცით, დაკავებულია ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ
ცნობისთვის, პოლონელი ტურისტი 5 ივლის, ვარანცოვზე დაჭრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. როგორც კლინიკის ექიმი აცხადებს ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს დღეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლიდან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ავტორი: მერაბ ცაავა