საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა, განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა.
კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.
მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%. ეს ცვლილება წინადადების ავტორის შეფასებით, ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის სტიმულირებას და ხელფასების მატებას. ამასთან, წინადადების მიხედვით, შესაძლოა, დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ – ორ კვირაში ერთხელ აიღონ.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
წყარო: bpn.ge