როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, ბავშვებში კოვიდინფიცირების ზრდის ტენდენციაა და მოუწოდებს მშობლებს, ყველა აიცრას, რათა ვირუსი მოზარდებს არ გადასდონ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებსაც ეტყობა, თუმცა ყველა შემთხვევა “დელტა” შტამი არ არის:
“ზოგადად, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა “დელტა” შტამია, ნამდვილად არაა.
ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყენებენ “ფაიზერს” 12-დან 15 წლის ასაკში, ეს არის: აშშ, კანადა, იტალია, ბრიტანეთი, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან. ამ საკითხს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველო შეუერთდება. ამ ეტაპზე, ივლისსა და აგვისტოში, ეს არ იქნება.” – თქვა მან.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ 14 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ქვეყანაში საწოლფონდები საკმარისია და პრობლემა არ არის.