ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ჟურნალისტების მოთხოვნა პრემეირმინისტრის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით უცვლელია.
ადგილზე დიდი რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ლეგიტიმური პროტესტის ეშინიათ.
“სწორედ ისინი იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღები პირები 5 ივლისს. ისინი მართავდნენ პროცესს, ისინი აძლევდნენ ბრძანებებს, ვის როდის უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად…ვინმეს უნახავს ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქციები, ასეთი მასშტაბებით ყოველდღიურ რეჟიმში, სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ვართ აქ.
არ შემიძლია არ ვთქვა სამართალდამცველების რაოდენობაზე, ვინ ვინ და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს მშვიდობიანი პროტესტი, რომ არ უნდა გავცდეთ კონსტიტუციას, გომელაურის უწყებას ძალიან უნდა რცხვენოდეს, რომ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურია, ასეთი საპოლიციო მობილიზებით პასუხობს”,– ამბობს მთავარი არხის ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
17 ივლისს მედიის წარმომადგენლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ, სწორედ, პრემიერმინისტრის განცხადებები უძღოდა.