„ხელისუფლება დღეს მედიაიერიშის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ ვნახეთ ტელესერიალი “გაქცევა”, – ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, ,,ქართული ოცნების“ წევრების მიერ 4 ტელეკომპანიის მიმართ ბოიკოტის გამოცხადების შეფასებისას განაცხადა.
ნოდარ მელაძის თქმით, ხელისუფლების პიარ-სტრატეგიის მიუხედავად, “ტვ პირველი” ისევ დასვამს კრიტიკულ კითხვებს და ხელისუფლებას ყველგან შეახსენებს, რომ 53 რეპორტიორის სასტიკად ცემის ორგანიზატორები ისევ თავისუფლად გადაადგილდებიან.
,,ხელისუფლება დღეს მედიაიერიშის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ ვნახეთ ტელესერიალი _ “გაქცევა”. ისინი გარბიან ჟურნალისტებისგან, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხები, უბრალოდ, არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ პასუხი კითხვაზე, როცა ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიძიოს ის საქმეები, რომლებიც ეხება 50-ზე მეტი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ, ჯგუფურად, წინასწარ მომზადებულ, განზრახ შეცნობით მომზადებულ დანაშაულს.
სად არიან ორგანიზატორები, რომლებიც მედიაზე ძალადობის ბრძანებს გასცემდნენ. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენს გვერდით. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და აირჩიეს გაქცევის გზა. უბრალოდ ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაა სწორედ პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ ვნახეთ – მასობრივი ძალადობა ჟურნალისტებზე, როცა მან უბრალოდ არ დაიცვა მედია, ჩვენ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, ისინი ეთერში არ მოგვეწვია, ან მათი ინტერვიუები ეთერში არ გაგვეშვა. პირიქით, ჩვენ ვაჩვენებდით მაყურებლებს ყველაფერს, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მათ აირჩიეს გაქცევის გზა, რომელიც გამოწვეულია კრიტიკული კითხვების შიშით”, _ განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მედია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას.
,,მედია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ გავჩუმდეთ და რელსებიდან გადაგვიყვანოს. ჩვენ ვიქნებით ეთერში ისეთივე მწვავე კითხვებით, ისევ ჩავატარებთ ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ელოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ შევახსენებთ, რომ მათ საქართველოში 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი ჩაიდინეს და ამ ძალადობის შემდეგ არ დასაჯეს დამნაშავეები. ჩვენთან ერთად ყოველთვის იქნება ლექსო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ასე სასტიკად გაუსწორდა ჩვენი ტელევიზიის ოპერატორს. ეს იქნება აქცია, ეს იქნება პერფორმანსი, ეს იქნება ეთერში გაჟღერებული მოთხოვნები, მაგრამ ის იქნება ყოველთვის ჩვენთან ერთად”, _ აღნიშნა ნოდარ მელაძემ.
ავტორი: მერაბ ცაავა