,,პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მას ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება.
ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და ვართ მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – ვაკეთებთ უფრო მეტს და პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ავტორი: მერაბ ცაავა