ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეული ცხრა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, 18 კი _ პროპორციული სიით
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 16 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს და მოქმედ საკრებულოში 17 დეპუტატია მაჟორიტარული სისტემით არჩეული, აქედან ორი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. თუმცა, საარჩევნო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებს საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.
ირკვევა, რომ მაჩხვარეთი, გვიმბალაური და ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა.
საერთო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოუწევთ ნიგვზიანისა და ნინოშვილის თემის მაცხოვრებლებს. აცანის, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ მაჟორიტარულ ოლქადაა წარმოდგენილი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
რაც შეეხება ქალაქს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის მხოლოდ ერთი მანდატი ერგო.
ლესისა და ჯურუყვეთის საარჩევნო უბანების ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა.
ძველი სტატუსქვო შეინარჩუნეს სუფსის, ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, რომლებიც, როგორც მოქმედ, ისე მომავალ საკრებულოში ცალკ-ცალკე მაჟორიტარებით იქნებიან წარმოდგენილნი.
ავტორი: სოფო წილოსანი